ღვინის ტური

მეღვინე ქალების გზა კახეთში

მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ. 

მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

შატო დემი

კახეთში მეღვინე ქალთა გაცნობა თბილისის შემოგარენიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. დედაქალაქიდან ორ კილომეტრში თქვენ აღმოჩნდებით ბროწეულას დასახლებაში, სადაც გულიკო ფანჩულიძის „ შატო დემი“ მდებარეობს. სოფელ ბროწეულას კინოსოფლადაც მოიხსენიებენ, რადგან აქ კინოინდუსტრიის წარმომადგენლების საზაფხულო სახლები მდებარეობს. დასახლებას სახელწოდება „ბროწეულა“ შემთხვევით არ ჰქვია - ამ მხარეში ეს ხილი უხვად ხარობს და „შატო დემის“ მეურნეობაც ბროწეულის ღობითაა გარშემორტყმული.

გულიკოს ოჯახი 30 წელზე მეტია მისდევს სოფლის მეურნეობას, რომელიც 2015 წლიდან ბიომეურნეობის პრინციპით მუშაობს. ორ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს, ხეხილის ბაღსა და ბოსტანს აქ მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით უვლიან. „მცირე, მაგრამ ხარისხიანი“ - ამ დევიზს „შატო დემიში“  შეთავაზებული სერვისებიც ადასტურებს.

მეურნეობაში მასპინძლობას თავად გულიკო გაგიწევთ, დაგათვალიერებინებთ თავის ვენახსა და ბაღს, გაჩვენებთ შინაურ ფრინველებს, ცხოველებს და გაგაცნობთ  ბიომეურნეობის სამუშაო პროცესს. გულიკოსთან ნატურალური პროდუქტებით, სურნელოვანი კერძებითა და ქართლური ვაზის ჯიშებისგან (ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და შავკაპიტო) დაწურული ღვინის თანხლებით იშლება სუფრა, სადაც ქართული სიმღერები დაგიტკბობთ სმენას. აქ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სადილის მომზადებაში - გამოაცხოთ ხაჭაპური, მოახვიოთ ხინკალი, მოამზადოთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, შქმერული და სხვა კერძები. სურვილის შემთხვევაში, გულიკო ფანჩულიძის ოჯახი გიმასპინძლებთ ბროწეულის რთველზეც.

„შატო დემიში“ ღამის გათევის სერვისითაც ისარგებლებთ. სასტუმროს ტიპის სახლში 10-12 პერსონისთვის არის ადგილი.

მოსახერხებელი ადგილმდებარეობა „შატო დემის“ შემოგარენში კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობას გაძლევთ. მათ შორისაა წმ. ანტონ მარტყოფელის სახელობის V საუკუნის ტაძარი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. „შატო დემისთან“ ახლოს მდებარეობს ტბა, სადაც ბანაობა და თევზაობაც შეგიძლიათ.

პონგინო ვაინ

მეღვინე ქალთა მარშრუტის მომდევნო პუნქტი, გულნარა რომანიძის „პონგინოს ღვინო“, თბილისიდან 26 კილომეტრში, სოფელ ხაშმში მდებარეობს. სულხან-საბას განმარტებით, „პონგინო“ სადაფის ქვას ნიშნავს და მას გულნარას ოჯახში სიყვარულის თილისმად მიიჩნევენ. 

„პონგინოს ღვინის“ ისტორია 2017 წლიდან იწყება. სოფელი ხაშმი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინით (ხაშმის საფერავი) არის ცნობილი. შესაბამისად, გულნარას ოჯახში პირველი ღვინო სწორედ ხაშმის საფერავი გახლდათ. მარანში ღვინო საკუთარი, ურწყავი ვენახებიდან იწურება.

სტუმრების მზარდმა ინტერესმა მასპინძელს ღვინის ასორტიმენტისა და მარნის გაფართოებისკენ უბიძგა. აქ ტრადიციულ კერძებსაც გაუსინჯავთ გემოს და საინტერესო მასტერკლასებსაც დაესწრებით.

გულნარა წარმოშობით ქობულეთიდანაა, ამიტომ, გარდა კახურისა, ის აჭარისთვის დამახასიათებელი კერძების მომზადებასაც შეგასწავლით. აქ  გატარებული დრო ტკბილეულითაც დაგამახსოვრდებათ. დესერტად ქართული გრეიპფრუტის კანის მურაბას და ციტრუსის ლიქიორს მოგართმევენ.

„პონგინოს ღვინის“ ვერანდიდან უჯარმის ხედი იშლება. ზაფხულის ცხელ დღეებში ეზოში, ივრის წყლის გამდინარე საცურაო არხში გაგრილდებით. თუ წვეულებებისა და ქორწილის მოწყობა გსურთ, „პონგინოს ღვინის“ მარანი მზადაა, გიმასპინძლოთ. დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ ქართული ფოლკლორის მოსმენა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გუნდის შესრულებით. 

თუ კარვებით მოგზაურობთ, „პონგინოს ღვინის“ სივრცეში დარჩენასაც შეძლებთ.

„პონგინოს ღვინის“  სიახლოვეს ბევრ ისტორიულ ადგილს მოინახულებთ. მათ შორისაა VI-VII საუკუნის ტაძრები, უჯარმის ციხე, ჩოლოყაშვილების სახლ-მუზეუმი 40-ქვევრიანი უნიკალური მარნით და სხვა. აქედან ახლოს არის სიღნაღისა და დავით გარეჯისკენ მიმავალი გზებიც.

„პონგინოს ღვინოში“ სტუმრობისთვის აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა. 

იას მეღვინეობა

მეღვინე ქალთა მარშრუტის მომდევნო დანიშნულების წერტილი კახეთის შუაგულში, სოფელ გურჯაანში, მდებარეობს. „იას მარანში“ მასპინძლობას ია იმერლიშვილი გაგიწევთ. მარნამდე მისასვლელად ქვით ნაშენი კახური სახლები უნდა გაიაროთ. მოწმენდილ ამინდში  სახლებზე მზის სხივები ქარვისფრად ირეკლება. „იას მარანი“ ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრშია. 

იამ მეღვინეობა საკუთარ ეზოში საუკუნოვანი მარნის აღმოჩენით დაიწყო, სადაც ცხრამეტი ქვევრი ინახებოდა. მარანი იას გურჯაანელი მეუღლის წინაპრებს ეკუთვნოდა. ერთობლივი ძალისხმევით  მარანს და სახლს  რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.  2020 წლიდან, ამ ადგილს აგროტურისტული ფუნქცია აქვს და ღვინოსთან ერთად სხვა არტიზანული პროდუქტებიც იწარმოება. ტრადიციული, ქვევრის ღვინის გარდა, აქ ევროპული ტიპის თეთრი, ვარდისფერი და წითელი მშრალი ღვინის გასინჯვა შეგიძლიათ.

იასთან სუფრა თამადის ქართული  ტრადიციით იშლება. სანამ სუფრას შემოუსხდებით,  შეგიძლიათ კერძების მომზადებაში ჩაერთოთ: მოახვიოთ ხინკალი, მოადუღოთ თათარა, ამოავლოთ ჩურჩხელა, ჩააცხოთ თონეში დედას პურები, თავად შეაგროვოთ  მწვადისთვის წალამი და, როგორც საქართველოში ამბობენ: „თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში“. სახალისოდ მოწყობილი რთველი ამაში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ. 

იას მეურნეობაში ღამის გათევის სერვისითაც ისარგებლებთ.  სასტუმროს ტიპის სახლში  8 პერსონისთვის არის ადგილი.  

ექიმის ბიო-მარანი

შემდეგი გაჩერება „ექიმის ბიომარანია“, რომელიც სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. ამ ადგილთან გზა კახეთის ნებისმიერი წერტილიდან ადვილად მიგიყვანთ. მარნის სახელწოდება მასპინძლების - მარიეტას და მისი მეუღლის პროფესიას უკავშირდება, ხოლო მეღვინეობის ისტორია 2017 წლიდან იწყება. აქ ვაზს ბუნებრივი საშუალებებითა და ბიომეთოდებით უვლიან. 

მარიეტას მარანში შეგიძლიათ გასინჯოთ საფერავის, რქაწითლისა და ხიხვისგან დამზადებული ნატურალური ღვინოები და რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები, რომლებსაც მარიეტა თავად მოგიმზადებთ. თბილ ამინდებში სტუმრებს „ექიმის ბიომარნის“ ხეივანშიც მასპინძლობენ. მასტერკლასების მსურველებისთვის სპეციალურად შექმნილია სივრცე, სადაც თავად შეგიძლიათ მოახვიოთ ხინკალი, შეწვათ მწვადი, მოამზადოთ ჩაქაფული და ბოთლის ღვინოც ჩამოასხათ სახელობითი ეტიკეტით.

გაზაფხულზე გამორჩეული სანახაობაა ვენახის მოხვნა ხარებშებმული გუთნით. 

მარნიდან ერთი საათის სავალ რადიუსშია კახეთის ღირსშესანიშნაობები. შემოგარენში კი, მდებარეობს საქართველოში ერთადერთი უნიკალური არქიტექტურის მქონე ორგუმბათიანი ტაძარი, გურჯაანის ყველაწმინდა. სულ რაღაც სამ კილომეტრშია ბალნეოლოგიური კურორტი ახტალაც.

ბაბანეურის მარანი

შემდეგი მასპინძელი ნინო ნინუაა, რომელიც „ბაბანეურის მარანში“  გიმასპინძლებთ. მარანს გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს - ის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიითაა გარშემორტყმული, ხედი ალაზნის თვალუწვდენელ ველზე იშლება. სოფელი „ალაზნის სამი ბიოსფერული რეზერვატის“ ნაწილია და უცხოელ ვიზიტორებშიც სარგებლობს პოპულარობით. ლაშქრობის მოყვარულთათვის ნაკრძალში 18კმ სიგრძის ეკოსაგანმანათლებლო ბილიკებია მოწყობილი. ადგილმდებარეობის გამო აქაურობას თუშეთში მიმავალი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. 

„ბაბანეურის მარანში“ ღვინო ქართული ტრადიციული მეთოდით იწარმოება. არჩევანი მრავალფეროვანია: ქისი, ახმეტური მწვანე, საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, როზე და ამბორი. სადეგუსტაციო სივრცეში ნინო  სტუმრებს თავად მასპინძლობს და ღვინის კულტურის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

„ბაბანეურის მარანი“ 13 სასტუმრო ოთახს, საცურაო აუზსა და მოსასვენებელ კუთხეებს აერთიანებს. წვეულებებისა და კონფერენციებისთვის გათვალისწინებულია მყუდრო დარბაზიც.

მასპინძლები  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კერძებში ადგილობრივი პროდუქტის გამოყენებას, რომელსაც მოსახლეობისგან ყიდულობენ. მრავალფეროვანია კახური კულინარიული მასტერკლასების არჩევანიც.

„ბაბანეურის მარნის“ სერვისები თითოეული სტუმრის მოთხოვნაზეა მორგებული. 

მარანი ლაგვანი

მეღვინე ქალთა მარშრუტი ახმეტის მუნიციპალიტეტში, „ლაგვანის მარანში“ გრძელდება. სახელწოდება „ლაგვანი“ სულხან-საბას ლექსიკონში დიდი ზომის ქვევრს ნიშნავს. აქ მოსახვედრად უნდა გადავინაცვლოთ ახმეტის ცენტრში, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩასვლას და საგზაო მანიშნებლების გარეშეც მარტივად გაიგნებთ გზას.

„ლაგვანის მარანზე“ ხშირად ამბობენ - „სტუმრად მოვედით და სახლში აღმოვჩნდითო“. აქ სანათა წიწუაშვილი გაგიმასპინძლდებათ და საკუთარი ბიომეღვინეობის შექმნის ამბავსაც გიამბობთ. „ლაგვანის მარანს“ დაფუძნების შთამაგონებელი ისტორია აქვს - მეღვინეობის დაწყება სანათას მამის უკანასკნელმა სურვილმა გადააწყვეტინა და მარანიც სწორედ მისი გეგმის მიხედვით ააშენა.

პირველ შთაბეჭდილებას მარნის ბაღი შეგიქმნით. ეზოში გამოსვლისას, ღვინის არომატთან ერთად, მყისვე იგრძნობთ კახური შოთისა და მწვადის სურნელს - აქ თონე, ფურნე, შუაცეცხლი და გრილია განთავსებული.

მარანში მასტერკლასები იწყება ჩურჩხელის ამოვლებით, რომელსაც წასვლისას უკვე გამშრალს გააყოლებთ ხელს. ხინკალი აქ  ეზოს შუაცეცხლზე იხარშება, ხოლო თუშური კოტორი სიპ ქვაზე ცხვება. აქ ქართლ-კახეთისთვის დამახასიათებელ კერძებსაც გაეცნობით.

„ლაგვანის მარანში“ გასინჯავთ ქვევრის რამდენიმე სახეობის ღვინოს: რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს, საფერავს, ხიხვს, ორბელურს, მცვივანსა და ცქრიალას.  

დარჩენას თუ გადაწყვეტთ, სანათას მეზობლები ამ სერვისსაც შემოგთავაზებენ. 

„ლაგვანის მარნიდან“ სულ რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა კვეტერის ციხე. ეს გზა კახეთის ულამაზეს ადგილებს გაცნობთ. ღვინის მარშრუტის დასრულება შეგიძლიათ გომბორის ან თიანეთის გზით, სადაც გამორჩეული შთაბეჭდილებების შემდეგ ულამაზესი პეიზაჟებით დატკბებით.

მარინას ღვინო

თბილისიდან გამგზავრების შემდეგ მალევე გაივლით წეროვანს, სადაც  ავტობანიდან სოფელ ჩარდახისკენ არის გადასახვევი. ყვავილებითა და ღვინის ჭურჭლით მოხატული კარიბჭე მარინა კურტანიძის მეურნეობაზე მიგანიშნებთ. 

მეღვინეობა მარინამ მეუღლესთან ერთად 2003 წლიდან დაიწყო. შემდეგ, ღვინის წარმოებას თავადაც მიჰყო ხელი და „იაგოს მარანში“ საკუთარი სახელობის ღვინის ჩამოსხმას შეუდგა. ნატურალურ ღვინოს, ტრადიციულად, ქვევრში ავარგებენ. 2.5 ჰექტარზე ოჯახს ჩინურის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული, 3 ჰექტარს შავკაპიტო იკავებს. 

აქაური გარემო განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაშიც მარნის კედლებზე ტურისტების მიერ დაწერილი შთაბეჭდილებებიც დაგარწმუნებთ. მარანს სადეგუსტციო ტურის დროს დაათვალიერებთ.  ღვინის ისტორიის გარდა აქ მოისმენთ ამბავს, თუ როგორ დაიწყო ოჯახმა ნატურალური მეღვინეობა 600 ბოთლიდან და რამხელა ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ბიოღვინის წარმოება.

სადეგუსტაციოდ მყუდრო გარემოა მოწყობილი. კარგ ამინდებში ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ღია ვერანდაზეც, სადაც მარინა ოჯახური ხემსით გაგიმასპინძლდებათ. სტუმრებისთვის მეღვინე განსხვავებული არომატის ლიქიორებსაც ქმნის. ყველაზე პოპულარულია ლიქიორი ალუბლის არომატით, რომელიც  ექსპორტზე საფრანგეთის  ბაზარზეც გადის. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ 10-დან 80-ამდე პერსონაზე სადილიც. 

მარინას მეურნეობაში ცალკე სივრცე უჭირავს ფანჩატურს, მწვადის კუთხეს, თონესა და არყის სახდელს. ადგილზე ხარშავენ ლუდსაც, რომელიც ბებიასეული რეცეპტით მზადდება.

თუკი ღვინის ტურს მაისს დაამთხვევთ, საინტერესო ღონისძიებაზე შეიძლება აღმოჩნდეთ. ამ დროს მარინას ოჯახი საკუთარ ეზოში ღვინის ფესტივალ „შერეკილებს“ მასპინძლობს. 

მირანდას ღვინო

მარშრუტი გრძელდება ხვამლის მთის ძირას შეფენილ მთაგორიან სოფელ ტვიშში, რომელიც ხვანჭკარიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ეს ადგილი ტვიშის მეღვინეობის მიკროზონაა.

აქ თქვენი მასპინძელი მირანდა ჩხეტიანია, რომლის ვენახი სოფელ ტვიშის ფერდობებზეა გაშენებული და ნახევარ ჰექტარს იკავებს. მირანდას ღვინო ნატურალურია - ოჯახი ვენახს მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით უვლის. ტვიშის ცოლიკოურს ჩხეტიანები კლასიკური მეთოდით, ჭაჭა-კლერტის გარეშე და ჭაჭაზე დადუღებით აწარმოებენ. 

ლეჩხუმური სტუმართმოყვარეობა გამორჩეულია. ჩხეტიანების თბილ ოჯახურ გარემოში ამას აუცილებლად იგრძნობთ. მირანდა თავად დაგხვდებათ, დაგათვალიერებინებთ ვენახს, გიამბობთ ამბავს საკუთარი მეღვინეობის შესახებ. ქვევრები ღია ცის ქვეშ არის განთავსებული, მარანში კი ღვინო უჟანგავ ცისტერნებში ინახება. დეგუსტაციისთვის მეღვინეობას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ,  სადილი კი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ნატურალურობა სასმელთან ერთად კერძებშიც კარგად იგრძნობა. თუკი სადილის სამზადისში მონაწილეობა გსურთ, გირჩევთ, თონის პურისა და კეცის მჭადის ცხობის მასტერკლასში ჩაერთოთ. 

სოფლის შემოგარენის დასათვალიერებლად, აქ საფეხმავლო ტურები ეწყობა. წინასწარ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ცხენებით გასეირნებაც. გზად შთამბეჭდავი ხედები შეგხვდებათ. ხვამლის მთაზე ასვლა მანქანითაც შეგიძლიათ. 12 კმ-ში ღვირიშის ჩანჩქერზეც შეგიძლიათ აღმოჩნდებით.

მარანი არგვანი

რაჭა-ლეჩხუმიდან, მეღვინე ქალთა კვალდაკვალ, სამეგრელოში გადაინაცვლებთ. აქ, სოფელ აბედათში, მარტვილის ცენტრიდან ცხრა კილომეტრში, ხატია ჯახუას მეღვინეობა „არგვანს“ ესტუმრებით. მარნამდე გზას მარტივად გაიგნებთ.

„არგვანის“ მეღვინეობას რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ოჯახი მევენახეობას დიდი ხანია მისდევს. აქ მუდამ იმართებოდა რთველი, ღვინო კი საწნახელში იწურებოდა. ხატიამ, ძმასთან ერთად, მივიწყებული ტრადიცია რეალობად აქცია. ვენახი ხელახლა გააშენა და სრულიად ახალი მარანი ააგო. ვენახის ძირითადი ნაწილი ვაზის მეგრულ ჯიშებს, ოჯალეშსა და ჭვიტილურს უჭირავს. მეღვინე ქართული და ევროპული ვაზის კუპაჟებსაც ქმნის.

ღვინის დეგუსტაციაზე ხატია გემრიელი სადილითაც გაგიმასპინძლდებათ. არჩევანი მრავალფეროვანია. მეგრულ სამზარეულოში ვეგეტარიანულ კერძებსაც შეარჩევთ. 

პროფესიით მხატვარი მასპინძელი ქართული ორნამენტების ხატვას გასწავლით და გულდასმით აგიხსნით იმ დეტალების ისტორიულ მნიშვნელობას, რასაც შემოგარენში ნანახ ისტორიულ ძეგლებზე შენიშნავთ. 

 „არგვანში“ სტუმრობისას მარტვილის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობით. აქ მდებარეობს აბედათის ციხესიმაგრე, საიდანაც იმერეთისა და სამეგრელოს ხედი იშლება. შთამბეჭდავია მარტვილის მონასტერი შუასაუკუნეების ქართული ფრესკებით, მარტვილის დაცული ტერიტორიები. სულ რაღაც 20 კილომეტრშია  ნოქალაქევი - ისტორიული ციხე-ქალაქი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით, VIII-VII საუკუნეებშია აგებული.

მეღვინეობა „არგვანში“ თემატური ექსკურსიების სერვისსაც შემოგთავაზებენ. 

მეღვინე ქალთა ტურის კვალდაკვალ მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი გამოცდილება გელით. მონათხრობს ყოველთვის საკუთარი თვალით ნანახი და პირადად განცდილი სჯობს. იმოგზაურეთ და ისიამოვნეთ დაუვიწყარი მასპინძლობით!

ლომთაძის ოჯახის ღვინო

ღვინის მარშრუტი რაჭის მთებშიც გამოგზაურებთ. ამბროლაურთან ახლოს, სოფელ ხვანჭკარაში, გზის პირას განთავსებული აბრა გამცნობთ, რომ „ლომთაძის ოჯახის ღვინოს“ უახლოვდებით. მეღვინეობა რაიონული ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. 

აქ თქვენი მასპინძელი სოფიო სამთელაძეა, რომელიც მეუღლესთან ერთად აგრძელებს წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს. სოფელი ხვანჭკარა ამავე სახელწოდების ღვინით არის ცნობილი და ეს „ლომთაძის ოჯახის ღვინის“ სავიზიტო ბარათია. ოჯახს რამდენიმე სახეობის ყურძენი აქვს გაშენებული - წულუკიძის თეთრა, ალექსანდროული და მუჯურეთული. ალექსანდროული და მუჯურეთული ავთენტიკური ხვანჭკარის წარმოების აუცილებელი ნაწილია. სტუმრობისას შეგიძლიათ გასინჯოთ კლასიკური და ქვევრის ღვინო. სოფიოს ოჯახი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, ამიტომ ადგილზე მისულებს მასპინძლები საღვინე ექსპერიმენტების შესახებ მოგიყვებიან. 

სოფიო პროფესიით მხატვარია. ქვით ნაშენ სივრცეს და კარმიდამოს თითოეულ დეტალს ხელოვანის ხელი ეტყობა. ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა ამ რაჭული ოჯახის თბილი და მეგობრული ატმოსფერო. სადილზე კუთხისთვის დამახასიათებელ კულინარიას გაიცნობთ. ლომთაძეების ღვინო განსაკუთრებით უხდება ნამდვილი რაჭული ლორისა და ლობიანის ტანდემს. აქ ღვინით ხატვასაც შეისწავლით.  მასტერკლასზე საჭირო ინვენტარი ადგილზე დაგხვდებათ და, წასვლისას, ღვინოსთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნილ კომპოზიციასაც გაიყოლებთ.

შეგიძლიათ დარჩენის სერვისითაც ისარგებლოთ - აქ 2 სასტუმრო ოთახია 6 ადამიანისთვის. 

ხვანჭკარაში სტუმრობის შემდეგ შეგიძლიათ გზა ლეჩხუმის მიმართულებით განაგრძოთ და მოინახულოთ საირმის სვეტები, ლაჯანურის ჰესი, სოფელ ლაილაშის გამორჩეული არქიტექტურა და ა.შ.

კარდანახის მამული

კახეთის შუაგულში, სოფელ კარდენახში, ესტუმრებით ნინა ქოჩიაშვილის „კარდანახის მამულს“, რომელიც კახური არქიტექტურისა და ეთნოკულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ისტორიულად, სოფელი კარდენახი (კარდანახი) სავაჭრო გზის ნაწილი იყო. შენობას, სადაც „კარდანახის მამულია“ განთავსებული, საკომლო მარნისა და დუქნის ფუნქცია ჰქონდა. ის 1884-86 წლებში აშენდა. ნინა ქოჩიაშვილის ოჯახმა შენობას ძველი ვიზუალი შეუნარჩუნა  და თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნა. მარანში შესვლისთანავე, თქვენს ყურადღებას საწნახელი მიიქცევს, საიდანაც ღვინო პირდაპირ ქვევრებში მიედინება.  ძველ საღვინე ჭურჭელზე ნახავთ ცნობილ მექვევრეთა დამღებს.

კარდენახი მევენახეობის ერთ-ერთი მრავალფეროვანი მიკროზონაა. აქაურ ქარხანაში ადრე იწარმოებოდა ღვინო „წარაფი“, პორტვეინი „კარდანახი“, ვერმუტი „ანაგა“ და სხვა. ნინა ქოჩიაშვილის ოჯახმა ძველი რეცეპტურები მოიძია და დღესდღეობით მათ მარანში 14 სახეობის სასმელი იწარმოება კასრებსა და ქვევრებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კვლავაც იქმნება ვერმუტი „ანაგა“, რომელიც 16 სხვადასხვა დისტილატისგან მზადდება. აღდგენილია პორტვეინ „კარდანახის“ წარმოებაც, ტრადიციულად, რქაწითლის, ხიხვისა და მწვანის კუპაჟით.

„კარდანახის მამული“ სოფლის ტიპის დასასვენებელი სივრცეა, სადაც  სტუმრებისთვის  ოთხი სახლია განკუთვნილი. სახლების პირველ სართულზე მარნებია მოწყობილი, მეორე სართულზე კი სასტუმრო ოთახები. აივნებიდან შეგიძლიათ გადახედოთ ტერუარებს, ალაზნის ველსა და კავკასიონს. ეზოში ბავშვებისა და მოზრდილებისთვის მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები.

ნინოსთან სტუმრობისას ღვინოსთან ერთად გემრიელ კერძებსაც გასინჯავთ. აქ შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ დედას პური, მოამზადოთ ბადაგი, ამოავლოთ ჩურჩხელა, მოახვიოთ ხინკალი და ა.შ.

თუ გსურთ კახეთს ყურძნის კრეფის ან ღვინის დაწურვის სეზონზე ეწვიოთ, „კარდანახის მამული“ რთველის ლხინში სიამოვნებით გიმასპინძლებთ. 

დეგუსტაციის, სასტუმრო სერვისისა და მასპინძლობის გარდა, „კარდანახის მამულში“ ვიზიტის მსურველები ხანგრძლივ ტურებსაც დაჯავშნით კახეთის სანახაობების დასათვალიერებლად. მამულის მიმდებარედ შეგიძლიათ დაათვალიეროთ IV საუკუნეში აგებული საბაწმინდის მონასტერი, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი და ძველი კოშკები, რომლებიც სიღნაღის ძველი არქიტექტურის გაგრძელებაა. ტრანსპორტირებას „კარდანახის მამულის“ მასპინძლები თბილისიდანვე უზრუნველყოფენ.

წევრები

გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
თამარ

თამარ მოსიაშვილი

მამისეული მარანი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
ია

ია იმერლიშვილი

იას მეღვინეობა
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
;